საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:

  • იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება;
  • უფლებამოსილი პირის უარით;
  • უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით;
  • უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით;
  • შესრულებით;
  • უფლებამოსილების გამცემი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობით, თუ მას მხარდაჭერა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან ქონების განკარგვის უფლების განსახორციელებლად დაუწესდა.

  • ზოგადი ინფორმაცია მინდობილობაზე

    ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.

    ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს.

    წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიულ მოქმედებათა განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს მინდობილობის შინაარსს. 

    გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

    შემოსავლების სამსახურს მინდობილობა შეიძლება წარედგინოს როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან.


    ფიზიკური პირის გარდა, სხვა პირის საბაჟო წარმომადგენელი

    ფიზიკური პირის გარდა, სხვა პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ სხვა პირის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

    საბაჟო ორგანოში პირის კანონიერ წარმომადგენელს საწარმოს/ორგანიზაციის შემთხვევაში წარმოადგენს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი, თუ საწარმოს/ორგანიზაციის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად შემდეგი დოკუმენტების წარდგენით:

  • საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის შემთხვევაში:
  • ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა, ან
  • ხელშეკრულება;
  • საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ან
  • წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
  • საბაჟო ორგანოსათვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ხორციელდება:

  • ელექტრონული (გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით) ფორმით,  ან
  • მატერიალური ფორმით.
  • საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურება ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენით სავალდებულო არ არის, თუ:

  • წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ რესურსზე განთავსებული ინფორმაციით, ან
  • საბაჟო მონაცემთა დამუშავების ელექტრონულ საშუალებებში ასახული (ატვირთული) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ არის ამოწურული და საბაჟო ორგანოში არ არის წარდგენილი ინფორმაცია პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
  • შენიშვნა ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ყველა პარტნიორს. კომანდიტურ საზოგადოებაშიპერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), თუ პარტნიორთა გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელად სხვა პირი არ დაინიშნება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში ხელმძღვანელ პირს/პირებს.

    ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.


    ფიზიკური პირის საბაჟო წარმომადგენელი

    ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას.

    შენიშვნა აღნიშნულ შემთხვევაში, ფიზიკური პირის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

    ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

    ფიზიკური პირის კანონიერი წარმომადგენელი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

    გაითვალისწინეთ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.

    საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად შემდეგი დოკუმენტების წარდგენით:

  • ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი;
  • ფიზიკური პირის კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში:
  • დაბადების მოწმობა, ან
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის შესახებ.
  • საბაჟო ორგანოსათვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ხორციელდება:

  • ელექტრონული (გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით) ფორმით,  ან
  • მატერიალური ფორმით.
  • საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურება ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენით სავალდებულო არ არის, თუ:

  • წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ რესურსზე განთავსებული ინფორმაციით, ან
  • საბაჟო მონაცემთა დამუშავების ელექტრონულ საშუალებებში ასახული (ატვირთული) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ არის ამოწურული და საბაჟო ორგანოში არ არის წარდგენილი ინფორმაცია პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

  • წარმომადგენლის უფლებამოსილება

    საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ სხვა პირის დავალებით მოქმედებს, და მიუთითოს, პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი.

    მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი:

  • არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, ან
  • აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.
  • საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    თუ ერთი და იმავე პირის წარმომადგენელი ამ პირთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს რეგულარულად ახორციელებს, მას საბაჟო ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, წარმომადგენელი ვალდებულია წარუდგინოს მას აღნიშნული დოკუმენტი.


    საბაჟო წარმომადგენლობა

    საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

    პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

    წარმომადგენელი შეიძლება იყოს:

  • პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და ამავე პირის დავალებით;
  • ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.
  • წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი. ეს სავალდებულო არ ვრცელდება:

  • ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას;
  • დროებით შემოტანის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას.
  • ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში:

  • საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ირიბ წარმომადგენელს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს;
  • პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.
  • შენიშვნა პირს საბაჟო ურთიერთობებში პირადად მონაწილეობა არ ართმევს უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი (პირდაპირი ან ირიბი), ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს პირს უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.

    რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის.


    text