საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

პასუხისმგებლობის ზომები

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი  გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას კანონმდებლობით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, ასევე, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში  ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას დადგენილი წესების დარღვევა, გამოიწვევს:

  • ბიზნეს ოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
  • იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს ბიზნეს ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იმპორტიორს ეძლევა შეუსაბამობის გამოსწორების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.


    სასაზღვრო კონტროლის პროცედურები

    როდესაც საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, რომლის სიხშირე განისაზღვრება რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.

  • ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
  • საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე.
  •  ლაბორატორიული ანალიზის შედეგად თუ გამოვლინდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ან/და პროდუქტი, საქონლის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი ნიმუშის აღება (განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის მოთხოვნითა და ხარჯით).
  •  განმეორებითი ნიმუში

    განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად, მხარეთა შეთანხმებით, შეირჩევა სხვა აკრედიტებული ლაბორატორია  ან სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

    განმეორებითი ნიმუში აიღება:

  • ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე - რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. საქონლის მფლობელის მოთხოვნით, შესაძლებელია ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ერთდროულად გადაცემა ლაბორატორიული ანალიზისათვის.
  • ერთ ეგზემპლარად, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის მიერ ნიმუში ლაბორატორიული ანალიზისათვის გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის მიერ აღიარებულ რეფერენტულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

  • ეტიკეტირება

    სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართვლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

  • გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა –„გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში  წარწერა – „გმ“.
  • აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება.
  • თუ სურსათი/ცხოველის საკვები შედგება ერთი ან მეტი ინგრედიენტისგან, სიტყვები "გენეტიკურად მოდიფიცირებული" ან "წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისგან" მითითებული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში, უშუალოდ მოცემული ინგრედიენტის გასწვრივ, ხოლო ინგრედიენტების ჩამონათვალში  აღნიშნული უნდა იქნეს  იმავე ზომის შრიფტით, რომლითაც დაბეჭდილია ინგრედიენტების სხვა  ჩამონათვალი;
  • თუ სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია შეფუთვის გარეშე, საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით, ზემოხსენებული მოთხოვნები უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართების ან/და ბუკლეტების სახით, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის;
  • თუ სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია მცირე ზომის შეფუთვით და რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, განსაზღვრული მოთხოვნები აუცილებელია განთავსდეს ამ სურსათის/ცხოველის საკვების შესაფუთ მასალაზე თვალსაჩინოდ, დიდი ზომის შრიფტით.

  • წარსადგენი დოკუმენტები

    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა გენმოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების კანონმდებლობით დადგენილი წესით ეტიკეტირება, ან იმ შემთხვევაში თუ ეტიკეტირება შეუძლებელია - საინფორმაციო ფურცელ-ჩანართების ან ბუკლეტების თანხლება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის.

    აღნიშნული კონტროლისაგან თავისუფლდება ის სურსათი/ცხოველის საკვები, რომლის  იმპორტი ხორციელდება  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N50 დადგენილების დანართით   ("ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნუსხა), რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული") განსაზღვრული ქვეყნიდან და თან ახლავს ამავე ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული პროდუქტი არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს.


    საბაჟო კონტროლი

    გენმოდიფიცირებული პროდუქტის კონტროლი ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტების იმპორტზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.

    კონტროლი არ ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9% ან მასზე  ნაკლებია .


    სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები/პროდუქტები

    გენმოდიფიცირებული ორგანიზმი – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტი წარმოადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებულ ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველ პროდუქტს, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის საკვებად;


    text