ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური ეფექტის მქონე ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკისათვის ან დაავადების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ცხოველთა სასიცოცხლო და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად ან/და შესაცვლელად;
საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყება - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.
აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში და არ არის შეტანილი ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეესტრში
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ თანახმად ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა შეიძლება:
ექსპერიმენტული კვლევისათვის;რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;რეექსპორტისათვის;საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის; განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით; თუ ეს არის შუალედური ვეტერინარული პრეპარატი ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი, ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული; თუ ეს არის ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სადიაგნოსტიკო საშუალება.