საბაჟო კონტროლის ღონისძიებები
რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
თუ სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცული ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში, სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების შესახებ.
საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, პირს, რომელიც პოტენციურად უფლებამოსილია წარადგინოს რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.
შენიშვნა
სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქონლის მფლობელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს მოთხოვნილი და ობიექტის რეგისტრაციისათვის სავალდებულო ინფორმცია წარადგინოს ელექტრონულად, შეტყობინებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.რეგისტრაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლების მფლობელის/წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახური აგრძელებს საქონლის შეჩერების ვადას 10 სამუშაო დღით.
რეგისტრირებული საქონლის შეჩერება
თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების ისეთ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერების თაობაზე - 10 სამუშაო დღით
მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით
შენიშვნა საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამისი უფლების მფლობელს და აგრეთვე საქონლის მფლობელს.
შემოწმების ჩატარება
შემოსავლების სამსახურის თანხმობით, უფლების მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) უფლება აქვს:
საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში. (განმცხადებლის თხოვნის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავად აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში და ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად განმცხადებელს გაუგზავნოს.)მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება შესამოწმებელი საქონლის ნიმუშზე ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება.მოთხოვნის საფუძველზე სამსახური ვალდებულია უფლების მფლობელსა (ან მის წარმომადგენელს) და საქონლის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის(მათ შორის, საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობის, გამომგზავნის ან/და მიმღების, წარმოშობის ქვეყნის და დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაცია). ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ამ ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს შესაბამისი სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღებას და საქონლის შეჩერების პროცედურის შეწყვეტას.
საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
შემოსავლების სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს:
განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, თუ იგი ადასტურებს, რომ საქონელი კონტრაფაქციული არ არის;ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში;განმცხადებლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში.ხარჯების ანაზღაურება
უფლების მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი და საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურის ხარჯები მას შემდეგ, რაც განმცხადებელს მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და დადგინდება შესაბამისი სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის უსაფუძვლობა.
საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან საქონლის შენახვის ხარჯები უფლების მფლობელს ეკისრება.
საქონლის განადგურება
საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში 3) სამუშაო დღის განმავლობაში, უფლების მფლობელი (განმცხადებელი) და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი შესაბამის სამსახურს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საქონელი ნადგურდება განმცხადებლის ხარჯითა და პასუხისმგებლობით, შესაბამისი სამსახურის ზედამხედველობით.
შეთანხმების მიუღწევლობისას მხარეებს შორის დავა სასამართლო წესით განიხილება. ამ შემთხვევაში საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) წყდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე,
განმცხადებელი ან საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი, საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, ვალდებულია სასამართლო განჩინება დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს.
თუ საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ შესრულდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, სამსახური უზრუნველყოფს საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.
გასანადგურებელი საქონელი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდისა და შეფუთვის მოცილების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნით, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით და იმ პირობით, რომ ეს საქონელი საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებები არ ვრცელდება:
არაკომერციული დანიშნულების მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან ხელბარგში ან/და განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის;ორიგინალ საქონელზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი გადაადგილება უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე ხდება;საქონელზე, რომელიც დამზადებულია უფლების მფლობელის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც წარმოებულია ამ პირსა და უფლების მფლობელს შორის შეთანხმებულზე მეტი რაოდენობით;სისხლის სამართლის პროცესის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ინტელეტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში
გაითვალისწინეთ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დარეგისტრირებისთვის თავდაპირველად მიმართავენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს, სადაც დარეგისტრირდება პირის კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, შემდეგ მომმართავენ შემოსავლების სამსახურს.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შესაძლებელია უფასოდ, განცხადების წარდგენით.
განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
უფლების მფლობელის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ ინფორმაციას; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ჩამონათვალს; ორიგინალი საქონლის დეტალურ აღწერას და ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ორიგინალი საქონლის და მისი შეფუთვის ამსახველ ფოტოსურათებს, ორიგინალი საქონლის სპეციფიკურ და ტექნიკურ მონაცემებს), რომლითაც მარტივდება საქონლის იდენტიფიცირება; საქონლის მწარმოებლის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე ორიგინალი საქონლის იმპორტიორების/ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციას; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის, ასეთი საქონლის წარმოშობისა და მდებარეობის თაობაზე, სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისათვის საჭირო დეტალების, გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის შესახებ, ორიგინალი საქონლისა და უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის განმასხვავებელი ნიშნების თაობაზე ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში); რეგისტრაციის ვადას, რომელიც 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების მოქმედების ვადისა; იმის შესახებ განცხადებას, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერებით საქონლის იმპორტიორისათვის, ექსპორტიორისათვის, მფლობელისათვის ან/და სხვა პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში; სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე უფლების მფლობელის წარმომადგენლის სახელს (სახელწოდებას), მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას. განაცხადს უნდა ერთვოდეს:
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, სერტიფიკატის, სალიცენზიო ხელშეკრულების, დეპონირების მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტის) დედანი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ან/და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი.თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადს უფლების მფლობელის წარმომადგენელი წარადგენს – აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქართულ ენაზე შესრულებული ან თარგმნილი, სანოტარო წესითგაითვალისწინეთ რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში, თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, იგი შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს სრულყოფილი განაცხადი. (გარდა ინფორმაციისა ორგინალი და კონტრაფაქციული საქონლის შესახებ)
რეგისტრაციის ვადა
შემოსავლების სამსახური რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერების შემთხვევაში − 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე დასაბუთებული უარის თქმის თაობაზე.
რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს რეგისტრაციის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
რეგისტრაციის ბრძანების გაცემა
რეგისტრაციის მონაცემები და ბრძანება რეგისტრაციის (რეგისტრაციის ვადის გაგრძელების) შესახებ აისახება შემოსავლების სამსახურის ვებ-საიტზე, ბრძანება ასევე ეგზავნება განმცხადებელს.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა
შემოსავლების სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელების უფლებების დაცვას ახორციელებს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
უფლების მფლობელის უფლებების დაცვა ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომლებიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, ექსპორტის პროცედურებისა და რეექსპორტისა შესაბამისად გადაადგილება და:
შეტანილია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში. დაცულია საქართველოში და არ არის შეტანილი შემოსავლების სამსახურის რეესტრში (ex-officio).საქართველოში დაცული ობიექტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ვებ-გვერდზე.
შემოსავლების სამსახური იცავს ინტელექტუალური საკუთრების შემდეგ ობიექტებს:
სასაქონლო ნიშნებს;ადგილწარმოშობის დასახელებებს ან გეოგრაფიული აღნიშვნებს; დიზაინს;პატენტს; საავტორო ან მომიჯნავე უფლებებს;მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებს;ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიას;ცხოველთა ახალ ჯიშებს; მცენარეთა ახალ ჯიშებს;
ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალურ საკუთრებას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სპეციალური სამართლებრივი ნორმები და მექანიზმები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს შესაბამის ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში, საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებში.
საქართველო უკვე დიდი ხანია არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი. საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შეესაბამება და ჰარმონიზებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან.
საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
ინტელექტუალური საკუთრების მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კომერციულ საქმიანობაში განაპირობა გაძლიერებულმა კონკურენციამ. სასაქონლო ნიშნების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან საქონლის მწარმოებელი, საქონლის ხარისხი და ფასი. სასაქონლო ნიშანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი რეკლამა საქონლის მიწოდებისას და მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ერთ-ერთ ძირითად ასპექტს და შემოსავლების სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ უფლებების დაცვაში.
სახელმწიფო პოლიტიკას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განსაზღვრავს და უშუალოდ ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.