საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

დღგ-ისაგან და მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლება

ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:

გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:

  • გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
  • აეროსანავიგაციო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
  • საექსპედიტორო მომსახურება;
  • ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
  • ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.

  • გარე გადამუშავების პროცედურის დასრულება

    გარე გადამუშავების პროცედურა დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი ან გადამუშავებული პროდუქტი, ან/და ნარჩენი/ჯართი:

  • ექცევა სხვა საბაჟო პროცედურაში, ან
  • განადგურდება ნარჩენების გარეშე, ან
  • გადაცემულია სახელმწიფო საკუთრებაში.
  • გადამუშავებული პროდუქტის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნარჩენისა და ჯართის მიმართ ზემოაღნიშნული საბაჟო პროცედურებისა და საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს „გამოსავლიანობის აქტი“.

    გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი გადამუშავების ვადის გასვლამდე შესაძლებელია მოექცეს ექსპორტის პროცედურაში, საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის გარეშე, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს ამ საქონლის გასხვისების დოკუმენტს.


    საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის/გამოცხადების ვადა

    საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით გარე გადამუშავებაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.


    უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა

    პროცედურის მფლობელის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელთან, შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირს, რომელიც ასრულებს ამ საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პირობებს.

    გარე გადამუშავების პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში, საქონლის ახალ მესაკუთრეს წარმოეშობა საქონლის დეკლარირების ვალდებულება. ამასთან:

  • პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის სრულად გადაცემის (სხვა პირზე საქონლის სრულად გასხვისების) შემთხვევაში, წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კეთდება აღნიშვნა „ძალადაკარგულია“ და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი;
  • პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის ნაწილობრივ გადაცემის (სხვა პირზე საქონლის ნაწილის გასხვისების) შემთხვევაში, წინსმწრებ საბაჟო დეკლარაციაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი.

  • მონაცემების აღრიცხვა

    დეკლარანტმა, პროცედურის მფლობელმა ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, უნდა აწარმოოს შემდეგი მონაცემების აღრიცხვა:

  • გარე გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის  ნომერი და ინფორმაცია საბაჟო პროცედურის დასრულების შესახებ;
  • საბაჟო დოკუმენტების, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან და პროცედურის პირობების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;
  • მონაცემები საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნების, საიდენტიფიკაციო ნომრების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობისა და კონტეინერის საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ;
  • ინფორმაცია საქონლის ადგილმდებარეობის შესახებ;
  • საქონლის საბაჟო სტატუსი;
  • ინფორმაცია საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებ(ებ)ის (შენახვის უზრუნველყოფისთვის ან/და სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები) განხორციელების და ამ ქმედებ(ებ)ის შედეგად სეს ესნ-ის კოდის ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია გადამუშავების ოპერაცი(ებ)ის შესახებ;
  • გამოსავლიანობის ნორმა ან მისი გაანგარიშების მეთოდი;
  • დეტალური ინფორმაცია ეკვივალენტური საქონლის გამოყენების თაობაზე, ასეთის გამოყენების შემთხვევაში; 
  • ინფორმაცია პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე, ასეთი გადაცემის შემთხვევაში;
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია.

  • სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენება

    სტანდარტული გაცვლის სისტემა გამოიყენება მხოლოდ დეფექტური საქონლის შეკეთების შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კოდექსის 153-ე და 154-ე მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

    სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.

    თუ დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე იყო გამოყენებული, შემცვლელი საქონელიც გამოყენებული (მეორეული) უნდა იყოს.

    დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს 2 თვის ვადაში. ეს ვადა აითვლება შემცვლელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.

    შენიშვნა განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ დეფექტური საქონლის აღნიშნულ ვადაში გატანა შეუძლებელია, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ეს ვადა გონივრულ ვადამდე.

    შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი რვანიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს დეფექტურ შესაკეთებელ საქონელს.

    სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოსაყენებლად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ოდენობის გარანტია.


    ეკვივალენტური საქონლის გამოყენება

    საბაჟო ორგანომ, პირის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია გასცეს თანხმობა ეკვივალენტური საქონლის გარე გადამუშავების პროცედურაში გამოყენებაზე.

    გარე გადამუშავების პროცედურაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენება დაუშვებელია, თუ:

  • გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის ნაცვლად გადამუშავებული უცხოური საქონელი დაექვემდებარებოდა  ანტიდემპინგურ ღონისძიებას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მისი დეკლარირების შემთხვევაში;
  • აღნიშნული საქონელი არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან გენმოდიფიცირებული პროდუქტი ან შეიცავს ასეთ საქონელს.
  • ეკვივალენტური საქონლის გამოყენება არ ექვემდებარება საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევისათვის გათვალისწინებულ ფორმალობებს.


    საქონლის გადამუშავების ვადები

    საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს:

  • გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, ან
  • გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე ექსპორტის პროცედურაში მოქცევა, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს ამ საქონლის გასხვისების დოკუმენტს.
  • გადამუშავების ვადა განისაზღვრება გარე გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

    აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.

    გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

  • გადამუშავების ვადის გასვლამდე – თავდაპირველ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა;
  • გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, წარედგინება ახალი საბაჟო დეკლარაცია.

  • გარე გადამუშავების პროცედურის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები

    გარე გადამუშავების პროცედურის განსაზღვრისას წარედგინება:

  • სატრანსპორტო დოკუმენტი:
  • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
  • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
  • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
  • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
  • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
  • „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“.
  • შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
  • იხილეთ არასატარიფო და სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობისა და GMO კონტროლი 


    გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება

    თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარე გადამუშავების პროცედურა განისაზღვრება ექსპორტის პროცედურის შესაბამისად.

    გარე გადამუშავების პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ხოლო 3 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის დეკლარირება ასევე შესაძლებელია საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის წარდგენით. 

    დეკლარანტი ვალდებულია, გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას გაითვალისწინოს გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისათვის დადგენილი პირობები და საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს:

  •  „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“,  რომელშიც მიეთითება დასაბუთებული ინფორმაცია:
  • იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;
  • გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნარჩენის ან/და ჯართის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
  • გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
  • გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;
  • გამოსავლიანობის ნორმის ან გამოსავლიანობის საშუალო ნორმის ან, საჭიროებისამებრ, მისი გაანგარიშების მეთოდის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სტანდარტული ნორმა);
  • არადეკლარანტთან გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის გადამუშავების შესახებ, იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ.
  • გაითვალისწინეთ

  • საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარდგენილ „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს ახალი „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“.
  • გარე გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის (მათ შორის, მასთან ერთად წარდგენილი „გარე გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშების“) შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს ან/და გაითვალისწინოს უფლებამოსილი პირის (მათ შორის, საექსპერტო ორგანიზაციის/ლაბორატორიის) დასკვნა, რომელიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
  • გამოსავლიანობის ნორმა ან გამოსავლიანობის საშუალო ნორმა უნდა განისაზღვროს იმ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რომელშიც ხორციელდება ან განხორციელდება გადამუშავების პროცესი.
  • საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:

     წინასწარი დეკლარირება:

  • ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით (წინასწარი დეკლარირება - გარე გადამუშავება), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების  ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს;
  • „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს - შეუძლია საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
  • არაწინასწარი დეკლარირება:

  • ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით (არაწინასწარი დეკლარირება - გარე გადამუშავება), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების  ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას-შეფასებას და დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს;
  • მატერიალური ფორმით – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების სხვა ადგილას საქონლის თანმხლები დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენით;
  • საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს, გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
  • გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას შესაბამისი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.

    გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით არ მოითხოვება გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისა, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის პროცედურა.

    შენიშვნა გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება გადამუშავების ვადის გასვლამდე.


    საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები

    საქართველოს საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის, მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ან გაყიდვისათვის/ტრანსპორტირებისათვის მოსამზადებლად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე დასაშვებია შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  • ვენტილაცია, გამოშრობა, მტვრის მოშორება, დასუფთავების მარტივი ოპერაციები, შეფუთვის შეკეთება, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს გამოწვეული დაზიანებების ელემენტალური შეკეთებები, რომლებიც არ სცდება მარტივი ოპერაციების ფარგლებს, ტრანსპორტზე დამცავი საღებავი ფენის დატანა და მოშორება;
  • საქონლის რეკონსტრუქცია ტრანსპორტირების შემდეგ;
  • ინვენტორიზაცია, სინჯვა, სორტირება, გაცრა, მექანიკური გაფილტვრა და საქონლის აწონვა;
  • დაზიანებული ან დაბინძურებული კომპონენტების მოშორება;
  • შენახვა პასტერიზაციით, სტერილიზაციით, დასხივებით ან დამცველი საშუალებების დამატებით;
  • პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება;
  • ჟანგის საწინააღმდეგოდ დამუშავება;
  • დამუშავება ტემპერატურის მარტივი მატებით, დამატებითი დამუშავების ან გამოხდის პროცესების გარეშე ან ტემპერატურის მარტივი დაკლებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას გამოიწვევს;
  • ელექტროსტატიკური დამუშავება, ქსოვილების გაუთოვება;
  • დამუშავება, რომელიც მოიცავს:
  • ხილის გასუფთავებისა ან/და დაკურკვას, გამომშრალი ხილისა და ბოსტნეულების დაჭრას ან დამტვრევას, ხილის ხელახალი რეჰიდრატაციას ან
  • ხილის გამოშრობას, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას გამოიწვევს;
  • ტყავების გამტკნარება, გაწმენდა და დაჩხვლეტა;
  • საქონლის დამატება ან დამხმარე კომპონენტების დამატება ან გამოცვლა, თუ ასეთი მატება ან გამოცვლა შედარებით შეზღუდულია ან გამიზნულია ტექნიკური სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის და არ ცვლის ან აუმჯობესებს პირვანდელი საქონლის მუშაობას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს იწვევს სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას დამატებული ან გამოცვლილი საქონლისთვის;
  • სითხეების გაზავება ან კონცენტრირება, დამატებითი დამუშავების ან გამოხდის პროცესის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს იწვევს სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას;
  • ერთი და იმავე სახის, მაგრამ განსხვავებული ხარისხის საქონლის                                                                                                                                                                                                                                                                                                         შერევა, სტაბილური ხარისხის ან ისეთი ხარისხის მისაღებად, როგორიც მოითხოვა მომხმარებელმა, საქონლის სახეობის ცვლილების გარეშე;
  • ისეთი ბუნებრივი აირის ან საწვავის, რომელიც არ შეიცავს ბიოდიზელს, შერევა ისეთ ბუნებრივ აირთან ან საწვავთან, რომელიც შეიცავს ბიოდიზელს, (კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 27-ე თავში), სტაბილური ხარისხის ან ისეთი ხარისხის მისაღებად, როგორიც კლიენტმა მოითხოვა, საქონლის ტიპის ცვლილების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს იწვევს სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას;
  • ბუნებრივი აირისა და საწვავის შერევა ბიოდიზელთან, როცა ნაზავი შეიცავს 0.5%-ზე ნაკლებს ბიოდიზელს, ასევე ბიოდიზელის შეზავება ბუნებრივ აირთან და საწვავთან, როცა ნაზავი შეიცავს 0.5%-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს ან საწვავს;
  • საქონლის დაყოფა ან ამოჭრა, თუ გამოიყენება მხოლოდ მარტივი ოპერაციები;
  • შეფუთვა, შეფუთვიდან ამოღება, ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმა და მარტივი ტრანსფერი კონტეინერებში, იმ შემთხვევაშიც კი როცა ეს გამოიწვევს სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას, მარკების, ლუქების, იარლიყების, ფასის ნიშნულების ან სხვა გამორჩეული მანიშნებლების მიმაგრება, მოხსნა ან რედაქტირება;
  • მექანიზმების, აპარატებისა და სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, რეგულირება და მუშაობაში გაშვება, კონკრეტულად იმ მიზნით, რომ მოხდეს ტექნიკური სტანდარტების დაკმაყოფილება, თუ გამოიყენება მხოლოდ მარტივი ოპერაციები;
  • მილების საერთების დაბლაგვება, კონკრეტული ბაზრებისთვის მოსამზადებლად;
  • დენატურირება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იწვევს სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას;
  • დამუშავების ყველა ჩვეული გზა, გარდა ზემომოხსენებულებისა, საქონლის გარეგნული ან გაყიდვადი ხარისხის გასაუმჯობესებლად ან დისტრიბუციისთვის/ გადაყიდვისთვის მოსამზადებლად, იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპერაციები არ ცვლის პირვანდელი საქონლის ტიპს ან არ აუმჯობესებს მუშაობას.
  • გაითვალისწინეთ ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელება არ უნდა იწვევდეს საქონლის სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის ქმედებასთან.


    გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაცია

    გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები: 

  • საქონლის შტამპით ან ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით მონიშვნა;
  • საქონლის დაწვრილებითი აღწერა, ფოტოგადაღება ან მასშტაბურად გამოსახვა;
  • საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მისი შედეგების შემდგომ შედარების მიზნით;
  • საქონელზე მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების ან სხვაგვარი მარკირება;
  • დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ოპერაციების განხორციელება; 
  • იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. 
  • საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ზემოაღნიშნულიდან აირჩიოს მისთვის მისაღები ერთი ან რამდენიმე საშუალება.                                                                                             

    დეკლარანტის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონლის იდენტიფიკაცია შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით.


    გარე გადამუშავების პროცედურა

    გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია.

    გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის გატანისას ხორციელდება ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოს საქონლის გატანისთვის, ხოლო გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას − ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისთვის.

    გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია:

  • არსებობდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა:
  • იმ საქონლისა, რომელიც არ იდენტიფიცირდება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავებული პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი გადამუშავების პროცესში მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება;
  • იმ შემთხვევისა, როდესაც გადამუშავებული პროდუქტი სტანდარტული გაცვლის სისტემის შესაბამისად იცვლება შემცვლელი საქონლით;
  • ეკვივალენტური საქონლისა, თუ არსებობს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა;
  • გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი;
  • დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები:
  • იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;
  • გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
  • გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
  • გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;
  • გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან.
  • გარე გადამუშავების პროცედურა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

  • საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:
  • მისი გატანა გამოიწვევს ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნებას ან ჩათვლას;
  • იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების პირობით და ამ შეღავათის გამოყენების პირობა მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონელი შეკეთების მიზნით გაიტანება.
  • ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიმართ;
  • ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) მიმართ.
  • გაითვალისწინეთ  საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობ

    საქონლის გადამუშავების ოპერაციებია:

  • საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა, სხვა საქონლისთვის მორგება;
  • საქონლის წარმოება;
  • საქონლის განადგურება;
  • საქონლის შეკეთება, მათ შორის, მისი აღდგენა და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა;
  • იმ საქონლის გამოყენება, რომელიც არ იდენტიფიცირდება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავებული პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი გადამუშავების პროცესში მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება.
  • გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შეიძლება იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით თავისუფალ მიმოქცევაში მოაქციოს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელმა ან საქართველოში დაფუძნებულმა პირმა, თუ მას აქვს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის შესაბამისი თანხმობა და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია.

    გარე გადამუშავების პროცედურის სწორი გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგ ტერმინთა განმარტების გათვალისწინება:

  • გადამუშავებული პროდუქტი – გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი; 
  • გადაუმუშავებელი საქონელი – გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ პროცედურაში;
  • გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავებული პროდუქტის ოდენობა ან ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;
  • ეკვივალენტური საქონელი – უცხოური საქონელი, რომელიც შესაძლებელია გადამუშავებული იქნეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის ნაცვლად;
  • ნარჩენი ან/და ჯართიღირებულების არმქონე ან მცირე ღირებულების საქონელი ან პროდუქტები, რომლებიც მიიღება გადამუშავების ოპერაციის შედეგად და რომელთა გამოყენება დამატებითი გადამუშავების გარეშე შეუძლებელია.

  • text