საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საგადასახადო დოკუმენტი წარმოადგენს ანგარიშ-ფაქტურის და სასაქონლო ზედნადების ნაერთ დოკუმენტს, რომლის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა. საგადასახადო დოკუმენტი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 721 მუხლის შესაბამისად, ხოლო  გამოწერისა და წარდგენის წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 561 მუხლის მიხედვით.

საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება ელექტრონულად, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, საქონლის ტრანსპორტირებით/ტრანსპორტირების გარეშე მიწოდებისას ან მომსახურების გაწევისას, საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებისას საგადასახადო დოკუმენტი ივსება ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამასთანავე, საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილ საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილზე (ავანსი).

დღგ-ის გადამხდელისათვის საგადასახადო დოკუმენტი არის დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტი. ამასთან დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება მიწოდების – პირველადი და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე.საგადასახადო დოკუმენტის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამის დანართში აისახება როგორც გამყიდველის/გამგზავნის ასევე მყიდველის/მიმღების მიერ.

საგადასახადო დოკუმენტი დოკუმენტის ტიპების მიხედვით:

დოკუმენტის კატეგორიის მიხედვით (მიწოდება/მომსახურება), შესაძლებელია დოკუმენტის შემდეგი ტიპების მითითება:

  • ტრანსპორტირებით;
  • ტრანსპორტირების გარეშე;
  • მომსახურება;
  • დისტრიბუცია;
  • შიდა გადაზიდვა;
  • უკან დაბრუნება;
  •      დოკუმენტის ტიპი არ მიეთითება თუ დოკუმენტის კატეგორიაში მითითებულია „ავანსი“.

    საგადასახადო დოკუმენტის რედაქტირება/კორექტირება:

    საგადასახადო დოკუმენტში შეტანილი რეკვიზიტები/მონაცემები რედაქტირდება  გამყიდველის/გამგზავნის მიერ, გარდა გამოწერის თარიღის, ოპერაციის პერიოდის, რეგისტრაციის ნომრის, საგადასახადო დოკუმენტის კატეგორიისა და ტიპისა.

    საგადასახადო დოკუმენტში დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებიდან ერთ-ერთის არსებობისას, რა დროსაც მაკორექტირებელ საგადასახადო დოკუმენტში აისახება კორექტირების შედეგად მიღებული საბოლოო მონაცემები.

    საგადასახადო დოკუმენტის გაუქმება/აღდგენა:

    საგადასახადო დოკუმენტის გაუქმება შესაძლებელია გამყიდველი/გამგზავნის მიერ გაუქმების მოთხოვნის გაგზავნით, რომლის მყიდველის/მიმღების მიერ დადასტურების შემდეგ ხდება საგადასახადო დოკუმენტის გაუქმება, ხოლო  იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო დოკუმენტი წარდგენილია საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო დოკუმენტის გაუქმება ხდება საგადასახადო ორგანოსთვის მომართვის შემდეგ.

    გაუქმებული სტატუსის მქონე საგადასახადო დოკუმენტი არ ექვემდებარება აღდგენას.

    საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესის დარღვევა:

    საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესის დარღვევისას გამოიყენება  სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისა და წარდგენის წესთან დაკავშირებული სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები.

    იხ. დამატებითი ინფორმაცია https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=7&tab=1

    text