ვის შეუძლია ისარგებლოს დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატური დაბრუნების პირობით
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, დღგ-ის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატური დაბრუნების პირობით.
როგორ გაარკვიოს პირმა მასზე ვრცელდება თუ არა ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება და რა ოდენობაა დასაბრუნებლად ხელმისაწვდომი
შემოსავლების სამსახურის რისკზე დაფუძნებული მიდგომით, დეკლარირებული მონაცემები აისახება გაანგარიშების ფორმაში, აღნიშნული წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელშიც აღირიცხება ავტომატურად დასაბრუნებელი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხები.
ინფორმაცია ავტომატურად დასაბრუნებლად ხელმისაწვდომი დღგ-ის ოდენობის შესახებ შესაძლებელია იხილოთ გადამხდელის ავტორიზებული ელექტრონული გვერდის მოდულში ,,აღრიცხვა ანგარიშგება/დღგ-ის დაბრუნება“ <<გაანგარიშების ფორმა - დღგ-ის დაბრუნება NEW.
რა ვადაში და რომელი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ზედმეტობა აისახება გაანგარიშების ფორმაში
გაანგარიშებაში აისახება დღგ-ის ზედმეტობა, რომელიც წარმოშობილია 2019 წლის იანვრის და მის შემდგომ საანაგარიშო პერიოდების მიხედვით წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით (მათ შორის, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე დაზუსტებული დეკლარაციით, ასევე, დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი პირველადი დეკლარაციით).
გაანგარიშებაში პირველადი საგადასახადო დეკლარაციით (დღგ-ის დეკლარაციით) დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა აისახება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ანუ ვადის დადგომის თარიღისათვის ავტომატურ რეჟიმში. დეკლარაციის გაანგარიშებაში ასახვა ხორციელდება ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით.
მაგალითი:
შპს X-მა 2019 წლის 11 თებერვალს წარმოადგინა 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია, რომლის სავადო თარიღიც არის 2019 წლის 15 თებერვალი.
მოცემულ პირობებში:
ვინაიდან იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის სავადო თარიღს წარმოადგენს 15 თებერვალი, აღნიშნული დეკლარაციით მონაცემები გაანგარიშებაში აისახება 15 თებერვალს.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი დღგ-ს ზედმეტობის თანხის ავტომატური დაბრუნება
გადასახადის გადამხდელი გაანგარიშების ფორმაში არსებული ზედმეტობის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მოთხოვნას, მოთხოვნის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად განცხადების - ,,ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნება (ავტომატური+)“ რეგისტრაციით
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან რა ვადაში ბრუნდება თანხა
გაანგარიშების ფორმაში არსებული ზედმეტობის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, გამოიწერება საგადახდო დავალება მოთხოვნის წარმოდგენისთანავე, რაც ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სახაზინო სამსახურს, რომელიც ახორციელებს თანხის დაბრუნების შესაბამის ღონისძიებებს.
ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნება წარმოებს განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში.