საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

პირის საქმიანობის მიმდინარე კონტროლის პროცედურები ხორციელდება წინასწარი შეტყობინების გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე ამ პროცედურებში მონაწილე სხვა პირი.

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

  • გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენის მიზნით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვება და ქრონომეტრაჟის ჩატარების გზით ამ საქმიანობის გამოკვლევა. ქრონომეტრაჟი ტარდება არანაკლებ 7 დღის განმავლობაში.
  • გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე უფლებამოსილი პირის/პირების 6 თვემდე ვადით მიმაგრებით განახორციელოს საგადასახადო მონიტორინგი და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით.
  • განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით  სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე  განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
  • საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით ჩაატაროს პირის ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერება. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინის დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. დათვალიერებისას აკრძალულია გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციის შემოწმება.
  • არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.  გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია.  საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში. 
  • text