შესაბამისი ნორმატიული ბაზა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი მუხლი 23;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის N619 დადგენილება;
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმება
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მოთხოვნით;საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირიათვის ნებადართული საქმიანობისაგან განსხვავებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს ზღვრულ ოდენობას (სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს);თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი არ აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ სტატუსის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუქმებულად ითვლება სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში - ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების მომენტიდან, იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის გაუქმების გარემოება გამოწვეულია ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანით − შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან, საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის - ამ საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან.
გადასახადებით დაბეგვრა
საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება;საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი; საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით; საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება; საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება; საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.
ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შემდეგი ხარჯების საქართველოში გაწევის შემთხვევაში:
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი;საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები.
შემოსავლები, რომლის მიღება არ იწვევს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს ასევე უფლება აქვს, მიიღოს მხოლოდ ნებადართული საქმიანობის თანმდევი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ სახის შემოსავლები (დღგ-ის გარეშე) ჯამურად არ აღემატება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი რომელიმე შემდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, მიენიჭოს საქართველოს საწარმოს:
რომელსაც აქვს იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;რომელიც არის არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;რომლის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით.საწარმოს, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. შესაბამისად, მან საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა. ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობები შეიძლება, განსხვავდებოდეს ნებადართული საქმიანობის მიხედვით, მაგრამ ძირითადად უნდა შედგებოდეს იმ მნიშვნელოვანი ფუნქციებისგან, რომელიც განაპირობებს ამ საქმიანობის ეკონომიკურ ღირებულებას (არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ ან უმეტესად დამხმარე საქმიანობას).
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს, ასეთ შემთხვევაში, უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.
განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − შესაბამისი ნებართვა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ. პირი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს გასწიოს შემდეგი სახის მომსახურება:
„ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.2 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:58.2 − პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;58.21 − კომპიუტერული თამაშების გამოცემა;58.29 − სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;„ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 62 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:62.0 − კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;62.01 − კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები;62.02 − საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში;62.03 − კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები; 62.09 − საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები;ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით;ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება;ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება;პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინმიწოდება;პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) და მისი განახლებები;ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები;ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერიულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია;ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია;გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები. N619 მთავრობის დადგენილების დანართი N2შენიშვნა:
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებულ (გარდა გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებებისა) საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.
ამასთან, ნებადართული საქმიანობების სახეები არ მოიცავს საზღვაო გადაზიდვის მომსახურებას.
საერთაშორისო კომპანიის ცნება
საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის N619 დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს ახორციელებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს.