ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმება
ტურისტული საწარმოს სტატუსი შეიძლება გაუქმდეს:
შემოსავლების სამსახურის ინიციატივით ტურისტული საწარმოს მხრიდან ტურისტული საწარმოსთვის კანონით დადგენილი საქმიანობის პირობების დარღვევის შემთხვევაში;შესაბამისი ინფორმაციის დადასტურებიდან 10 სამუშაო დღეში, შემოსავლების სამსახური გამოსცემს ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ტურისტული საწარმოს ინიციატივით, განცხადების შემოსავლების სამსახურში წარდგენის საფუძველზე თუ:მას სრულად აქვს შესრულებული ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები. აღარ სურს ტურისტული საწარმოს სტატუსით სარგებლობა;შეეცვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რის საფუძველზეც მინიჭებული ჰქონდა ტურისტული საწარმოს სტატუსი. განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში შემოსავლების სამსახური გამოსცემს ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.
გაითვალისწინეთ : ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა არის სხვაობა დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.
ტურისტული საწარმოს სტატუსის პირისათვის მინიჭების, ტურისტული საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.
ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები
ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, შენობის მთლიანი ფართობის არანაკლებ 30 პროცენტისა გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად.შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისათვის/ოპერირებისათვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად არ იყოს ამავე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნტით განსაზღვრული დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვის 1.18- ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხაზე ნაკლები.
ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირის უფლებები
ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს:
უზრუნველყოფის საშუალებების ღირებულება შეამციროს კონკრეტული ობიექტ(ებ)იდან ჯამურად, მის მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული და გადახდილი დღგ-ის თანხით;წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები ჩაანაცვლოს სხვა უზრუნველყოფის საშუალებებით;უძრავი/მოძრავი ქონების უზრუნველყოფის საშუალებებად წარდგენის შემთხვევაში, ამ ქონებაზე საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის მოქმედების პერიოდში გადააფასოს ეს ქონება და დასკვნა წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების ახალი ღირებულების დაფიქსირების მიზნით.
შეღავათები და დაბეგვრის პირობები
ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია- ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება 10 კალენდარული წლის განმავლობაში.თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია- ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ მიწოდება;მოგების გადასახადით არ იბეგრება - ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება - ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.გაითვალისწინეთ: ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკური პირისაგან მიღებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის გამოყენებით სასტუმრო მომსახურების გაწევა განიხილება ტურისტული საწარმოს ოპერაციად და დღგ-ით იბეგრება ტურისტული საწარმოსთვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
უზრუნველყოფის საშუალებები
ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებასთან ერთად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, რომელიც სტატუსის მქონე პირმა უნდა წარადგინოს ელექტრონული განცხადების საშუალებით.
უზრუნველყოფის საშუალებებია:
საბანკო გარანტია;დაზღვევის პოლისი;ქონების (მათ შორის, მესამე პირის საკუთრებაში არსებული) გირავნობით/იპოთეკით დატვირთვა.უზრუნველყოფის საშუალების სახით ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში გადამხდელი განცხადებასთან ერთად წარმოადგენს შესაბამისი სერტიფიცირებული შემფასებელი პირის მიერ გაცემულ ქონების ღირებულების შეფასების დასკვნას.
გაითვალისწინეთ:
უზრუნველყოფის საშუალება უნდა იყოს წარმოდგენილი არაუგვიანეს აქტივების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს, რომელიც ექვემდებარება განახლებას მისი მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 60 დღით ადრე. უზრუნველყოფის საშუალებების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდების (ამ ქონების უკან მიღების მიზნით) ოპერაციდან მიღებული და დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18 - ზე გაყოფის შედეგად მღებული თანხის 18 პროცენტს.
ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭება
პირს ტურისტული საწარმოს სტატუსი ენიჭება კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ.
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა შენობის (სასტუმროს) მშენებლობის დასრულებამდე განცხადებით „ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭება“ უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.
სასტუმროს მშენებლობის დასრულება ნიშნავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენობის ექსპლუატაციისათვის ვარგისად აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განცხადება უნდა შეიცავდეს:
საწარმოს საფირმო სახელწოდებას;პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი);საქმიანობის მოკლე აღწერას.განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
მშენებლობის ნებართვა/სანებართვო მოწმობა;მიწის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და იმ ტერიტორიის საკადასტრო რუკა, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა;სამშენებლო დოკუმენტის პროექტი.შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
სტატუსის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ვის შეუძლია ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭება
ტურისტული საწარმოს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს, აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.
ამ წესის მიზნებისათვის: სასტუმრო არის შენობა ან/და ერთიანი კომპლექსის სახით არსებული შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმროდ. სასტუმროს მიეკუთვნება ასევე მრავალფუნქციური შენობის/კომპლექსის ერთი ან რამდენიმე ნაწილი ერთად ან ცალ-ცალკე, რომელშიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებულია სასტუმრო ნომრების/ აპარტამენტების განთავსება თავისი ინფრასტრუქტურით.