ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის გაუქმება
ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი უქმდება, თუ:
ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მქონე პირი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის გაუქმების მოთხოვნით - სტატუსი გაუქმებულად ითვლება სტატუსის გაუქმების თაობაზე მთავრობის განკარგულების გამოცემის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; გაუქმდა ფარმაცევტული წარმოების ნებართვა - რა დროსაც სტატუსი გაუქმებულად ითვლება ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გაუქმების თვის პირველი რიცხვიდან.ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ზემოაღნიშნული საფუძვლის გამოვლენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შესაბამის მასალებს წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
რა შეღავათებით სარგებლობს ფარმაცევტული საწარმო
ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით.შენიშვნა: ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა რომელზედაც ვრცელდება ზემოაღნიშნული შეღავათი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი (სითხე) გათავისუფლებულია აქციზის გადასახადისგან.
ფარმაცევტული სტატუსის მინიჭება
ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს განცხადებით - „ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭება“ .
განცხადება უნდა შეიცავდეს:
პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, მისამართი);საქმიანობის მოკლე აღწერას. განცხადებას უნდა დაერთოს:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაცევტული წარმოების ნებართვა.განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახური განცხადებას, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
პირს ფარმაცევტული საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ მთავრობის მიერ განკარგულების გამოცემის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ვის შეიძლება მიენიჭოს ფარმაცევტულის საწარმოს სტატუსი
ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სათანადო სტანდარტის მოთხოვნათა სრული დაცვით, ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებასა და მის მიწოდებას.