საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს:

  • მგზავრთან გასაუბრება;
  • მგზავრის პირადი ნივთების (ბარგის/ხელბარგის) დათვალიერება;
  • მგზავრის პირადი ნივთების (ბარგის/ხელბარგის) დათვალიერება რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) გამოყენებით;
  • მგზავრის შემოწმება სხეულის სკანერის გამოყენებით;
  • მგზავრის ფიზიკური დათვალიერება;
  • სათანადო ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მგზავრის გადაგზავნა სამედიცინო დაწესებულებაში სხეულის შიდა ორგანოების დათვალიერების მიზნით.
  • თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზღვრის გადამკვეთი მგზავრი სხეულში ან სხეულზე – მალავს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთს, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ხდება მგზავრის დათვალიერება.

    დათვალიერებისას საბაჟო ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს:

  • მოსთხოვოს მგზავრს ბარგის/ხელბარგის წარდგენა და განთავსება დათვალიერებისათვის გამოყოფილ ადგილზე;
  • მოსთხოვოს მგზავრს დახმარების აღმოჩენა ბარგის/ხელბარგის გახსნისას, საქონლის გადმოლაგებისას და რაოდენობის განსაზღვრისას;
  • მიიღოს ინფორმაცია მგზავრისაგან ბარგის/ხელბარგის შიგთავსის შესახებ.
  • მგზავრის შემოწმება ხორციელდება:

  • ფიზიკური დათვალიერებით;
  • ადამიანის სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერებით;
  • მგზავრის გაგზავნით სამედიცინო დაწესებულებაში სხეულის შიდა ორგანოების დათვალიერების მიზნით (თუ არის ეჭვი, რომ მგზავრი სხეულის შიდა ორგანოებში მალავს საქონელს), რაც ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანხლებით.
  • დათვალიერებისას საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია, არ მიაყენოს არამართლზომიერი ზიანი მგზავრის ბარგს/ხელბარგს და მასში მოთავსებულ ნივთებს.

    შენიშვნა მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერებისას სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დათვალიერების შედეგები აისახება „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმში“ და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

    მგზავრის დათვალიერება წარმოებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ან მოწვეული სპეციალისტის მიერ, რომელიც დასათვალიერებელი პირის სქესისაა, ამისათვის ცალკე გამოყოფილ ადგილას, იმავე სქესის პირის (პირების) თანდასწრებით.

    მგზავრის დათვალიერების დაწყებამდე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, პირს წარუდგინოს თანამდებობრივი მოწმობა, აცნობოს გადაწყვეტილება, გააცნოს მისი უფლება-მოვალეობანი ასეთი დათვალიერების დროს (მათ შორის, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით) და მისცეს წინადადება დამალული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე.

    შენიშვნა მგზავრის მიერ დამალული საქონლის ნებაყოფლობით გადაცემის ან/და დათვალიერების შედეგად ასეთი საქონლის აღმოჩენის შესახებ დგება „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.მგზავრის დათვალიერების ჩატარების მონაწილე ნებისმიერი პირის მიერ ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება ან შესწორება დადასტურებული უნდა იყოს მათივე ხელმოწერით. თუ არსებობენ მოწმეები, რომლებსაც შესაძლებელია გააჩნდეთ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით დასადგენ გარემოებათა შესახებ, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება შემდგენელთან, ხოლო მეორე გადაეცემა მგზავრს.

    გამოვლენილ სამართალდარღვევაზე (სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლის გასაჩივრების უფლებაც პირს აქვს

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება.

    ადმინისტრაციული დაკავების დროს, დამკავებელი მოხელე ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს:

  • მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი;
  • რომ აქვს უფლება ადვოკატზე;
  • რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.
  • არასრულწლოვნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

    დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში.

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

    გაითვალისწინეთ პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

    text