პირის წარმომადგენლობას საფოსტო გზავნილის შემთხვევაში ახორციელებს საფოსტო გადამზიდავი, რომელიც ინტერნეტ შესყიდვების ნუსხის შევსებისას სარგებლობს პირის მიერ წარდგენილი მონაცემებით.
შენიშვნა საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენა ნიშნავს საფოსტო გზავნილის ზოგად დეკლარირებას
ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოექმნება ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას;
გაითვალისწინეთ დეკლარაციას ავსებს საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც არის ფიზიკური პირის წარმომადგენელი, ან საბაჟო ორგანო პირის მოთხოვნის შემთხვევაში ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით
მიაწოდოს საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია, სადაც ეთითება ტვირთის მიმღებისა და ინტერნეტ მაღაზიის დასახელება, გზავნილის N, საქონლის დასახელება, საქონლის ღირებულება და ვალუტა).
შენიშვნა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება გზავნილის მიმღებთან და იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად, რომლის დამუშავება (შემოწმება, შეფასება) ხორციელდება გზავნილზე შტრიხ-კოდის წამკითხველის გადატარებით, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი.
ექსპერტიზა
თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება ან/და სხვა მონაცემები დაუდგენელია, შესაძლებელია, საფოსტო გზავნილის მიმღების ან გადამზიდავის მოთხოვნით, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდეს საქონლის ექსპერტიზა ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. ასევე ექსპერტიზა ინიშნება თუ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გზავნილის სავარაუდო ღირებულება აღემატება 300 ლარს, შესყიდვის დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში გზავნილის მიმღების მოთხოვნით, ინიშნება ექსპერტიზა.
იმ შემთხვევაში თუ გზავნილის მიმღები არ ეთანხმება საფოსტო გზავნილების გადამზიდველის დეკლარირებულ ან/და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდოდ განსაზღვრულ ღირებულებას, საფოსტო გზავნილის ჩაბარებამდე მას თავისი ხარჯით შეუძლია მოითხოვოს საბაჟო ღირებულების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ან დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა.
შენიშვნა გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მიიღება წერილობითი (მათშორის, ელექტრონული) ფორმით.
დეკლარირების ვადები
ინტერნეტ შესყიდვით შეძენილი საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას, ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) -არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე - არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.