შესაფუთი ხის მასალა
გაითვალისწინეთ საქონლის თანმხლები ხის შესაფუთი მასალა უნდა იყოს ქერქისაგან გასუფთავებული, თერმულად დამუშავებული ან გაუსნებოვნებული, რაც უნდა დასტურდებოდეს ორ მოპირდაპირე მხარეს დატანილი შესაბამისი მარკირებით, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად – ISPM-15
!იმ შემთხვევაში, როდესაც ხის შესაფუთ მასალაზე არ არის დატანილი ზემოაღნიშნული მარკირება, აუცილებელია მას ახლდეს ფიტოსანიტარიული სერთიფიკატი.
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები/პროდუქტები
გენმოდიფიცირებული პროდუქტი წარმოადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებულ ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველ პროდუქტს, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის საკვებად;
გენმოდიფიცირებული პროდუქტის კონტროლი ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტების იმპორტზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.
კონტროლი არ ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9% ან მასზე ნაკლებია .
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა გენმოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების კანონმდებლობით დადგენილი წესით ეტიკეტირება , ან იმ შემთხვევაში თუ ეტიკეტირება შეუძლებელია - საინფორმაციო ფურცელ-ჩანართების ან ბუკლეტების თანხლება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები
საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი ვრცელდება საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე (ადამიანის გარდა), რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.
ცოცხალი ორგანიზმი – ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი, მათ შორის, სტერილური ორგანიზმი, ვირუსი, ვიროიდი;
აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი/რეექსპორტი, გარდა ჩაკეტილ სისტემებში გამოყენების მიზნით იმპორტისა. ამ მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თუ ტრანსსასაზღვრო კონტროლისას აღმოჩნდა, რომ საქონელი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, იგი დაექვემდებარება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, უკან გაბრუნებას, ან განადგურებას, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2072 მუხლის თანახმად, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) ან/და რეექსპორტი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა კონტროლი არ ვრცელდება საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით შემოსატან ან გასატან საქონელზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ გადაადგილებული საქონელი შესაძლებელია წარმოადგენდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ საქონელს.