საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე შესაძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საქმეზე მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების გასაჩივრება:

  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ განხილვასა და სახდელის დადებას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული სამართალდაღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
  • „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა) გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
  •  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლები, რომელთა სამართალდარღვევის საქმეებს განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო, განსაზღვრულია ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 81-ე მუხლის მე-5 პუნქტით.

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საჩივრდება მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში:

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
  • სასამართლოში
  • შენიშვნა! გასაჩივრების 10-დღიანი ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამო საჩივარს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) მათი შესვლიდან 30 დღის ვადაში.

    საჩივრის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
  • სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


    დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების განმარტება

    მომჩივანს, ასევე საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებულ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანოები გადაწყვეტილების განმარტებისას ხელმძღვანელობენ საჩივრის განხილვისათვის დადგენილი  ვადის შესაბამისად.


    დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

    შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს:

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში;
  •  სასამართლოში.
  • მომჩივანს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.


    დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია:

  • დააკმაყოფილოს საჩივარი;
  • ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;
  • არ დააკმაყოფილოს საჩივარი;
  • განუხილველად დატოვოს საჩივარი;
  • მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული შინაარსების გაერთიანებით;
  • მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა.
  • დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.

    ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.


    საჩივრის განხილვის ვადა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში, მომჩივნის მოთხოვნის/გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში   

    საჩივრის განხილვის ვადა შესაძლებელია შეჩერდეს:

  • არა უმეტეს 45 დღით, დავის განმხილველი ორგანო ინიციატივით ან მხარის მოტივირებული შუამდგომლობით დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად;
  • არა უმეტეს 30 დღით, დავების განხილვის საბჭოს სხდომის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრის გადაწყვეტილებით.

  • საჩივრის განხილვაზე უარის თქმა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:

  • მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე;
  • მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს;
  • საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
  • არ არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;
  • გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
  • საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში;
  • არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  • გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;
  • მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს;
  • მომჩივანი გარდაიცვალა;
  • გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში;
  • მომჩივნის მოძიება შეუძლებელია;
  • საჩივარი ანონიმურია;
  • გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

  • საჩივრის წარმოებაში მიღება

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:

  • საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
  • საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები;
  • საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;
  • საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია;
  • საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება;
  • საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე;
  • საჩივარი ხელმოუწერელია.
  • თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.

    დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.


    საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შემოსავლების სამსახურში

    თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას (საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან/და საგადასახადო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება), უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურში:

  • მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
  • მისი ჩაბარებიდან 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
  • დავის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით;
  • შენიშვნა! ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

  • თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
  • საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონული ფორმით 


    ზოგადი ინფორმაცია

    საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში   და სასამართლოში.

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანოები არიან:

  • შემოსავლების სამსახური;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, გარდა სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევისა, რომელიც შემოსავლების სამსახურში არ საჩივრდება. წინასწარი გადაწყვეტილება მომჩივანს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

    სსკ-ის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

    ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს,  მიმართოს სასამართლოს. მომჩივანს უფლება აქვს, თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

    დავის პერიოდში საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.


    text