საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A
  • რა არის  Tax free
  • Tax Free გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას.

    საქონელი შეძენილი უნდა იყოს იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ- თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით.

  • Tax Free ქვითრის გამოწერის უფლების მიღების წესები სავაჭრო ობიექტებისათვის
  • ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით - Tax Free-ის დღგ-ის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მიღების თაობაზე  მიმართავს შემოსავლების სამსახურს, თუ იგი აკმაყოფილბს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ეწევა საცალო ვაჭრობას სტაციონარულ სავაჭრო ობიექტში ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში;
  • რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;
  • არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება;
  • პირი განცხადებასთან ერთად წარადგენს:

  • იმ ობიექტების მისამართების ჩამონათვალს, სადაც განხორციელდება ქვითრის გამოწერა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს (200 ლარი).
  • პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში  პირს ენიჭება  TAX FREE- ქვითრის გაცემის უფლება და მოკლე ტექსტური  შეტყობინების საშუალებით ეგზავნება  თითოეული სავაჭრო ობიექტის მიხედვით ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებელი და პაროლი.

    გაცემული უფლება ძალაშია 12 თვის განმავლობაში.

    აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაინტერესებულ პირს იგივე პროცედურების გავლით შეუძლია ახლიდან მოითხოვოს TAX FREE- ქვითრის გამოწერის უფლების მინიჭება.

    TAX FREE- ქვითრის გამოწერის უფლების მინიჭების შემდგომ სავაჭრო ობიექტს შეუძლია  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შესაბამისი საქონის შეძენის შემთხვევაში გამოწეროს TAX FREE-ს ქვითარი.

    ქვითრის გამოწერისთვის ისარგებლეთ ლინკით 

    გადამხდელის მიერ ავტორიზებული გვერდიდან TAX FREE- პაროლის აღდგენა შესაძლებელია ელექტრონული განცხადებით  - (Tax Free) მომხმარებლის პაროლის აღდგენა (ავტომატური+)

  • საქონელი რომელზეც არ გაიცემა TAX FREE- ქვითარი
  • ქვითარი არ გამოიწერება და შესაბამისად, გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება:

  • მალფუჭებად საქონელზე.
  • სატრანსპორტო საშუალებაზე.
  • ოქროზე, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით.აი
  • ძვირფას ქვებზე.
  • საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვას დაქვემდებარებული საქონლისა.
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლზე.
  • საქონლის შეფუთვა
  • უფლებამოსილ გამყიდველთან შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება.

    საქონლის გაყიდვისას გამყიდველი ვალდებულია რეალიზებული საქონელი მოათავსოს სტანდარტულ ცელოფნის ან მუყაოს პარკში და დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი ისე, რომ სტიკერის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საქონლის ამოღება.

    გამყიდველი ვალდებულია მყიდველს განუმარტოს, რომ საზღვრის დატოვებისას საქონლის არასრულად წარმოდგენის, დაზიანებული შეფუთვის ან/და სტიკერის წარდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს დღგ- Tax Free მაღაზიაში ნაყიდ საქონელზე.

    Tax Free დასალუქი სპეციალური წებოვანი სტიკერის შეძენა სავალდებულოა და შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის-ცენტრში. ერთეული სტიკერის ფასია 0,35 ლარი.

  • სავაჭრო ობიექტის  ვალდებულებები
  • უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია:

  • არ გასცეს ქვითარი იმ საქონელზე, რომელზეც არაა ნებადართული გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება;
  • არ გასცეს ქვითარი საქონელზე, თუ მისი ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით არ აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე);
  • უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ქვითარი, რომელშიც ასახულია შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია). ქვითარი გაიცემა საქონლის შეძენისთანავე;
  • შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით;
  • განუმარტოს მყიდველს შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები;
  • სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების  შემთხვევაში კიგვერდით ფასადზე, თვალსაჩინოდ ჰქონდეს გამოკრული ფირნიში მინიშნებით – „გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა – TAX  FREE SHOPPING“;
  • ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს უცხოელისა  და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია);
  • სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სადაც ხორციელდება ქვითრის გაცემა) ნუსხაში ცვლილების განხორციელების შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს განცხადებით -  (Tax Free) დღგ-ის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის სავაჭრო ობიექტების ნუსხაში ცვლილება სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში დამატების განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ქვითარი გასცეს შემოსავლების სამსახურისთვის სავაჭრო ობიექტის/ავტოსატრანსპორტო საშუალების დამატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან.
  • ქვითრის არასწორად შევსების შემთხვევაში,  გამყიდველის მიერ გამოიწერება ახალი ქვითარი, ხოლო არასწორად შევსებულ ქვითარს ანიჭებს გაუქმებულის სტატუსს;
  •      პასუხისმგებლობა

    ქვითრის შევსების  ან/და საქონლის შეფუთვის  წესის  პირველად დარღვევის შემთხვევაში, გადამხდელს ეგზავნება შეტყობინება ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ვალდებულების ყოველი შემდგომი დარღვევა იწვევს გადამხდელის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

    text