საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება

მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ:

პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა კალენდარული წლის დასრულებამდე.

მაგალითი 1:

პირობა:

გიორგიმ 2023 წლის 25 აპრილს მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება.

ანალიზი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი  გაუქმებულად მიიჩნევა 1 მაისიდან.

შედეგი:

2023 წლის 1 მაისამდე გიორგის მიერ მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მცირე ბიზნესისათვის დადგენილი სპეციალური რეჟიმით. ხოლო 2023 წლის 1 მაისიდან წლის ბოლომდე მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.

მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ :

პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა;

ამასთან, თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა, 2 კალენდარული წლის მონაცემების მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500 000 ლარს, მაგრამ იგი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობდა მხოლოდ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, აღნიშნული არ  ჩაითვლება მისთვის სტატუსის გაუქმების საფუძვლად.

თუ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, მას სტატუსი უუქმდება მიმდინარე კალენდარული წლის  დასაწყისიდან.

მაგალითი 2: 

პირობა:

გიორგის მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის 1 იანვრიდან. 2021 წელს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლინდა, რომ ფიზიკური პირი 2019 წელს ახორციელებდა მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. კერძოდ, პირი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიას და მოიპოვებდა სასარგებლო წიაღისეულს. პირის მიერ მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებას 2020 და 2021 წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.

ანალიზი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის გათვალისწინებით, ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება თუ პირი ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. აღნიშნული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება იმ კალენდარული წლის დასაწყისიდან, რომელშიც პირმა დაიწყო აკრძალული საქმიანობა. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი წარმოადგენს პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსულად ჩაითვლება 2019 წლის 1 იანვრიდან.

შედეგი:

გაუქმდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები და 2019 წლის დასაწყისიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.

თუ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის, მას სტატუსი გაუუქმდება მიმდინარე კალენდარული წლის  დასაწყისიდან.

თუ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი მიმართავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, მას უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან.

ფიზიკური პირი მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების  მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს ელექტრონული განცხადებით -

მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება“.

შენიშვნა:  მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების, საქმიანობის ცვლილებისა და სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებების წარმოდგენის თაობაზე იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:   


მცირე ბიზნესის საქმიანობის ცვლილება

თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა შეიცვალა ან დაიმატა მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ნებადართულ საქმიანობა, მას შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი განაცხადი - „მცირე ბიზნესის საქმიანობის ცვლილება (ავტო+)“  , რის საფუძველზეც გაცემულ სერტიფიკატში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.

შენიშვნა:  მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების, საქმიანობის ცვლილებისა და სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებების წარმოდგენის თაობაზე იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია: 


მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო ანგარიშგება და ვალდებულებები

  • გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ, კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ:

  • პირი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;
  • მის მიერ, წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აჭარბებს 50 000 ლარს;
  •   სხვა შემთხვევაში, მიღებული მომსახურების ანაზღაურებისას, ან ხელფასის გაცემისას, (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების არსებობისას) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

  • გადახდა და ანგარიშგება
  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის ნაწილში საშემოსავლო გადასახადი გადაიხდევინება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამავე ვადაში ხორციელდება საგადასახადო ორგანოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენა.

    ამასთან, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი დამატებით ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი წესით, საქმიანობის ამ ნაწილში იგი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.

  • უფლებები და ვალდებულებები
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, შესაბამისი მონაცემები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით, მათ, შორის იმ შემთხვევაშიც თუ იგი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე.

    მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები. 

    მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა აწარმოოს სპეციალურ ჟურნალში, რომელიც დამტკიცებულია „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  31.12.2010 წ. N999 ბრძანებით.

    მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა აღრიცხვის მიზნით, შესაძლებელია გამოიყენოს საკასო ან დარიცხვის მეთოდი. 


    მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები, რომლებიც იბეგრება საერთო წესით

    მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა, დამატებით, შესაძლებელია იღებდეს  საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემოსავლებს. ასეთი შემოსავლის სახეები არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ შემოსავალში. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავლები საშემოსავლო გადასახადით იბეგრება საერთო წესით.

    ასეთი შემოსავლებია:

  •  ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა;
  • სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;
  • სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები;
  • ჩუქება;
  • ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია უძრავი ქონე­ბის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით;
  • მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­ავალი;
  • დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;
  • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
  • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;
  • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი;
  • პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

  • მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი და განაკვეთი

    მმცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი შედგება  საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან.

    მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით.

    მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა (გადაჭარბების თვის დასაწყისიდან იმავე კალენდარული წლის ბოლომდე).  

    მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება მცირე ბიზნესის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შემოსავლის სახეები, რომელიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.


    აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

    ეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. ასეთი საქმიანობებია:

  • საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნე­ბართვას, გარდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობისა;
  • საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნი­შვ­ნე­ლოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება);
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება; 
  • სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულ­ტანტთა) საქმიანობა;
  • სათამაშო ბიზნესი;
  • პერსონალით უზრუნველყოფა;
  • აქციზური საქონლის წარმოება.

  • ვის ენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი

    მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ვალდებულება.

  • თუ ფიზიკური პირი არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ და აპირებს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას:
  • ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
  • რეგისტრაციის შემდეგ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განცხადებით  მიმართოს საგადასახადო ორგანოს .
  • თუ ფიზიკური პირს სურს სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობის განხორციელება, იგი მიმართავს საგადასახადო ორგანოს:
  • საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით.
  • მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის  „მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან.

    მომსახურების საფასური- მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მომსახურების საფასური შეადგენს  სერვის ცენტრში ვიზიტის შემთხვევაში  - 100 ლარს, ხოლო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადების რეგისტრაციისას - უფასოა. 

     ანგარიშის რეკვიზიტები:

    მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

    მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

    ბანკის კოდი - TRESGE22;

    მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707017021

    შენიშვნა: სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მისი აღდგენა განაცხადის  - ,,მიკრო/მცირე ბიზნესის სერთიფიკატის აღდგენა (ავტომატური+)“ წარმოდგენის საშუალებით.

    ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი:

  •  არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს;
  • ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას;
  • ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რაზეც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ფიქსირებული გადასახადი. მას სტატუსი არ მიენიჭება მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში.

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტა

        1. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ახორციელებს მხოლოდ მცირე ბიზნესის რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობას და გადაწყვეტს საქმიანობის დროებით  შეჩერებას - მან (არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა)  უნდა წარადგინოს ბოლო საანგარიშო პერიოდის (თვის) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია    და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი, შემდეგ კი გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში, გადამხდელის სტატუსის ველში  მონიშნოს ღილაკი „უმოქმედო“.

    2. თუ მეწარმე ფიზიკურ პირს საანგარიშო წლის დასაწყისიდან უკვე მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი,  ახორციელებს მხოლოდ მცირე ბიზნესის რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობას და გადაწყვეტს საქმიანობის  შეწყვეტას სტატუსის გაუქმებასთან ერთად, ამ შემთხვევაში:

       ა)  უნდა გადააგზავნოს განცხადება  „მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება (ავტო+)“

       ბ) არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის  15 რიცხვისა  უნდა წარადგინოს ბოლო საანგარიშო პერიოდის (თვის) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია  და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი;   გ)  „მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება“ (ავტო +) განცხადების გადაგზავნიდან მომდევნო თვეში საინფორმაციო ბარათში, გადამხდელის სტატუსის ველში  უნდა მონიშნოს ღილაკი „უმოქმედო“;

     დ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, თავისი  გადაწყვეტილების  მიხედვით, შეუძლია გაიუქმოს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი საჯარო რეესტრში.

    შენიშვნა: მოცემულ შემთხვევაში პირი დამატებით არ აბარებს საშემოსავლო გადასახადის შეწყვეტის წლიურ დეკლარაციას ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას 30 სამუშაო დღის ვადაში.

    3. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დამატებით ახორციელებს საერთო წესით დასაბეგრ საქმიანობას (მაგალითად, ფართის გაქირავება), გადაწყვეტს მხოლოდ  მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი  საქმიანობის  შეწყვეტას  სტატუსის გაუქმებასთან ერთად, ამ შემთხვევაში:

    ა)  უნდა გადააგზავნოს განცხადება  „მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება (ავტო+)“

    ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის  15 რიცხვისა,  უნდა წარადგინოს ბოლო საანგარიშო პერიოდის (თვის) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია  და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი;

    გ) მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შესახებ განცხადების გადაგზავნიდან მომდევნო თვეში უნდა განახორციელოს ცვლილება „გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში“  საქმიანობის სახეებსა და წარსადგენი დეკლარაციების ვალდებულების მონიშვნის ნაწილში.

    დ) საანგარიშო წლის მომავალი წლის 1 აპრილამდე უნდა წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საერთო წესით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში.

    4.  თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დამატებით ახორციელებს საერთო წესით დასაბეგრ საქმიანობას (მაგალითად, ფართის გაქირავება) და გადაწყვეტს საერთოდ შეწყვიტოს ეკონომიკური საქმიანობა, ამ შემთხვევაში:

    ა) უნდა გადააგზავნოს ელექტრონული განცხადება „საქმიანობის შეჩერება (ავტომატური +)“;

     ბ) უნდა გადააგზავნოს ელექტრონული განცხადება  „მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება (ავტო+)“;

    გ) საქმიანობის შეწყვეტის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა  უნდა წარადგინოს ბოლო საანგარიშო პერიოდის (თვის) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია  და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი;

    დ) საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღის ვადაში (მხოლოდ საერთო წესით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ნაწილში) უნდა წარმოადგინოს მიმდინარე წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური  დეკლარაცია და დეკლარაციის ტიპის ველში მონიშნოს „შეწყვეტის“.

    ე) „საქმიანობის შეჩერება (ავტომატური+)“ განცხადების გადაგზავნიდან მომდევნო თვეში, გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში, გადამხდელის სტატუსის ველში  უნდა მონიშნოს ღილაკი „უმოქმედო“.    

    შენიშვნა:  მოცემულ შემთხვევებში არ განიხილება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული  მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის  ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებაში.


    text