საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

პასუხისმგებლობა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისას

თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მიკრო ბიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. ამასთან, აღნიშნული იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.


მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება

მიმდინარე საგადასახადო წელს მიკრო ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

  • ფიზიკურმა პირმა მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით  მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;
  • საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს;
  • ფიზიკურმა პირმა განახორციელა მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;(პირი ვალდებულია მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებამდე  მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.)
  • ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული (აღნიშნულის მიზნებისათვის დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ოჯახის წევრები);
  • ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს.
  • შენიშვნა: ფიზიკურ პირი, რომელსაც გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი, უფლებამოსილია მომდევნო საგადასახადო წლიდან ამ სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულ შემთხვევაში პირზე გაიცემა სერტიფიკატი ახალი სარეგისტრაციო ნომრით.

    მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების, საქმიანობის ცვლილებისა და სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებების წარმოდგენის თაობაზე იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:


    მიკრო ბიზნესის მქონე პირის საგადასახადო ანგარიშგება და ვალდებულებები

  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, თუმცა ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია;
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს, მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში, არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება (საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება). ამასთან, არარეზიდენტი პირისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით;
  • თუ მიმდინარე წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი და მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად .
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს შეწყვეტის დეკლარაციას.
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი უფლებამოსილია მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში რეალიზებულ საქონელზე ან გაწეულ მომსახურებაზე გამოწეროს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.
  • შენიშვნა: ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

    იდენტიფიცირების მიზნით, შემოსავლების სამსახური აწარმოებს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების ერთიან რეესტრს .


    მიკრო ბიზნესის საქმიანობის ცვლილება

    თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა შეიცვალა ან დაიმატა მიკრო ბიზნესის სტატუსისთვის ნებადართულ საქმიანობა  მას შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი განაცხადი - მიკრო ბიზნესის საქმიანობის ცვლილება (ავტო+)

    რის საფუძველზეც გაცემულ სერტიფიკატში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.

    შენიშვნა: მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების, საქმიანობის ცვლილებისა და სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებების წარმოდგენის თაობაზე იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:


    მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები, რომლებიც იბეგრება საერთო წესით

    მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ  ჩამონათვალში არსებული საქმიანობებიდან მიღებულ შემოსავალზე არ ვრცელდება მიკრო ბიზნესისთვის გათვალისწინებული დაბეგვრის წესი და მიღებული შემოსავლები დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადისთვის დადგენილი  საერთო წესით.

    ამასთან აღნიშნული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები მხედველობაში არ მიიღება მიკრო ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას:

  • ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალი
  •  სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი
  •  სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები
  •  ჩუქებით მიღებული შემოსავალი
  •  ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქო­ნე­ბის რეა­ლიზა­ციით:
  • უძრავი ქონება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალება;
  • ფასიანი ქაღალდები.
  •  მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი.
  •  დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი
  • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი
  • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი
  • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი

  • აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

    ფიზიკურ პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი ახორციელებს მიკრო ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. ასეთი საქმიანობებია:

  • საქმიანობები,   რომლებიც   საჭიროებენ   ლიცენზირებას   ან   ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
  • საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავ­ლებ­მა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
  • სამედიცინო (გარდა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოფლის ექიმისა და ექთნის/ფერშლის მიერ გაწეული სამედიცინო საქმიანობისა), არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
  • სათამაშო ბიზნესი.
  • ვაჭრობა (არ ეხება იმ შემ­თხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გა­და­მუშავება და მიწოდება).

  • საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი

    ქვემოთ მოცემული საქმიანობების ჩამონათვალზე არ გავრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, თუ ფიზიკური პირი დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და თავადვე ახორციელებს ჩამონათვალში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების წარმოებას და საცალო წესით მიწოდებას საბოლოო მომხმარებელზე.         

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით.
  • ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება.
  • პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება.
  • ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონსტრირებისა და ჩვენებისა.
  • საცვლების წარმოება.
  • თავსაბურავების წარმოება.
  • დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება.
  • ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება.
  • ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმოება.
  • ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება.
  • ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების წარმოება.
  • სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარმოება.
  • მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება. 
  • აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის, ტუჩის გარმონიკების წარმოება.
  • სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.
  • ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება.
  • საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.
  • საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისაგან დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ საქონლის წარმოების შესაბამის დაჯგუფებებს.
  • ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი.
  • საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი.
  • საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი.
  • ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი.
  • საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.
  • თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება.
  • შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება.

  • რა შეღავათებით სარგებლობს მიკრო ბიზნესის სტატუსის მოქნე პირი

    მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, ასეთი საქმიანობის ნაწილში :

  • არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;
  •  თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან;
  • არ არის ვალდებული აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები არ იხდიან მიმდინარე (საავანსო) გადასახდელებს.

  • ვის ენიჭება მიკრო ბიზნესის სტატუსი

    მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად არ არის სავალდებულო, პირი იყოს რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკურ პირად.

    მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად;
  • არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას (გარდა ოჯახის წევრისა);
  • დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს.
  • მიკრო ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების განცხადების მიმართვით.

    შემოსასვლების სამსახური განიხილავს განცხადებას სტატუსის მინიჭების თაობაზე და აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს, რომელიც ძალაშია სტატუსის გაუქმებამდე.

    შენიშვნა:  მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების, საქმიანობის ცვლილებისა და სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებების წარმოდგენის თაობაზე იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:

    მომსახურების საფასური- მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მომსახურების საფასური შეადგენს  სერვის ცენტრში ვიზიტის შემთხვევაში  - 50 ლარს, ხოლო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადების რეგისტრაციისას - უფასოა. 

    სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მისი აღდგენა განაცხადის  - ,,მიკრო/მცირე ბიზნესის სერთიფიკატის აღდგენა (ავტომატური+)“   წარმოდგენის საშუალებით.


    text