საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადები

ქონების გადასახადი გამოიანგარიშება პირის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების საფუძველზე. დეკლარაციაში დასაბეგრი ქონება აისახება საბაზრო ღირებულებით, ხოლო დასაბეგრი მიწა - ფართობის მიხედვით (არასასოფლო-სამეურნეო - კვ.მ-ებში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო - ჰექტრებში). დასაბეგრი ქონების ღირებულება ფიზიკურმა პირმა შესაძლოა განსაზღვროს თვითონ ქონების შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. ინფორმაცია ქონების საბაზრო ფასების შესახებ შეიძლება მოიძიოს ასევე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან, ან შეაფასებინოს შესაბამის უფლებამოსილ პირს

 დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით

თუ, ფიზიკურ პირს წინა საანგარიშო წლის მიხედვით წარდგენილი აქვს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია, ან დარიცხული აქვს გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, უფლება აქვს არ წარადგინოს დეკლარაცია. საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს ქონების გადასახადს წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით. თუ, მიმდინარე წელს ფიზიკურ პირს აღარ წარმოეშვება ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება, მას შეუძლია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან  წარადგინოს განაცხადი დეკლარაციის არ წარმოდგენის შესახებ, არაუგვიანეს  1 ნოემბრისა.

ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. 


საგადასახადო შეღავათი

ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული:

  • 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
  • შენიშვნა: გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც;

  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე  საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად;
  • სხვა.

  • ვის ევალება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა

    ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს:

  • თუ, საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.
  • თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის;
  • ოჯახის წევრად ითვლება: პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.

    პირის და ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის ქონის შემთხვევაში - მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი; ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; დარიცხული ხელფასი.

    ფიზიკური პირისთვის დასაბეგრი ქონება არის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება; გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონება, რომელსაც ფლობს ან რომლითაც სარგებლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

    ფიზიკური პირისთვის დასაბეგრი მიწა არის მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით  საკუთრებაში არსებული მიწა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს ფიზიკური პირი; გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს ან რომლითაც სარგებლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

    ფიზიკური  პირის ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


    text